რუსთავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

რუსთავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, სკვერში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
როგორც ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სკვერის მოწყობის სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 8 თვეში უნდა დასრულდეს.
„პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, რეკრეაციული სივრცე 25 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. არსებულ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, ფაქტობრივად ყველანაირი პირობებია იმისთვის, რომ კომპანიამ დათქმულ დროს დაასრულოს სამუშაოები. ამჟამად მიმდინარე სამუშაოების ტემპით კმაყოფილი არ ვარ, იმედი მაქვს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს, კერძოდ ივლისში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდება და ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ახალი სკვერის პროექტის მიხედვით, რეკრეაციულ სივრცეში ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ქვეითთა ბილიკები და შადრევანი მოეწყობა, ტერიტორიაზე განთავსდება დეკორატიული სკამები და გარე განათების სისტემა, გათვალისწინებულია სანიაღვრე და სარწყავი არხების რეაბილიტაციაც.
სახელშეკრულებო ღირებულება 1 673 572 ლარია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქალაქის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
დღესვე ირაკლი ტაბაღუა და ბესიკ ტოგონიძე, რუსთავის ერთი-ერთ ისტორიული შენობაში - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ.
„სრული რეაბილიტაცია უტარდება საკონცერტო დარბაზს, რომლითაც ოთხივე სამუსიკო სკოლა სარგებლობს და სწორედ მათი თხოვნა იყო ამ უნიკალური დარბაზის გარემონტება. საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, მოეწყობა ახალი სკამები, განათება, დამონტაჟდება გახმოვანების თანამედროვე აპარატურა, ამასთანავე მთლიანად გარემონტდა შენობის პირველი სართული, სადაც მოეწყო გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შეიცვალა სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობის ქსელები. სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ვადაზე ადრე დასრულდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებელში სამუშაოები 2021 წლის მარტში უნდა დასრულდეს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და საერთო ღირებულება 529 ათას ლარამდეა.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

























