იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ვაგრძელებ ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტების მონახულებას. ადგილზე გასვლით უფრო ცხადად ვხედავთ - სად რა პრობლემა გვაქვს, სად რას ვაკეთებთ, რა ეტაპები გვაქვს გასავლელი და რას მივანიჭოთ პრიორიტეტი“, - აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.
ქალაქის მერიის ცნობით, ამჯერად იოსებ ხახალეიშვილმა ნიკეას დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
მათივე ინფორმაციით, ნიკეას ქუჩაზე #61 ბინასთან მიმდინარეობს არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. განახლდება მწვანე საფარი და ნარგავები, მოეწყობა გაზონები და საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება ხის ძელსკამები და ფანჩატური, აღდგება არსებული მემორიალი და დეკორატიული ქვისგან დამზადებული სასმელი წყლის შადრევანი. გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილის მოწყობაც.

























