„ალტერნატივას“ წევრები გონიოში, ირაკლი ჩავლეიშვილის სასტუმროსთან საპროტესტო აქციას მართავენ

"სინდისში გაცვლილი ქონება", "ნეტავ სინდისი არ გაწუხებს?", "მოპარული ქონება",- ამ ლოზუნგებით არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივა" წევრები გონიოში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის სასტუმროსთან საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ განაცხადა, ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში ქონებისა და ფული საშოვნელად შევიდა. მათი ინფორმაციით, თავის დროზე ბათუმის საკრებულოში ყოფნისას აღნიშნული სასტუმრო ხალხის ფულით ააშენა.
ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, ირაკლი ჩავლეიშვილმა დაკავებულ ირაკლი ფანგანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ქართული ოცნების" პირობებში თუ მათთან არ თანამშრომლობ, ატერორებენ ბიზნესს, და სამსახურებიდან ათავისუფლებენ ადამიანებს, რომლებიც მათი ინტერესების გამტარებლები არ არიან. შესაძლოა , ჩავლეიშვილის ქონებას საფრთხე შექმნოდა და მისი ბიზნესი ვერ განვითარებულიყო, ამიტომ მან ამჯობინა ეღალატა საკუთარი მოსახლეობისთვის, ვიდრე ცოტა ხნით უფულოდ ყოფილიყო. ჩვენ სიმბოლურად ჩავლეიშვილის სასტუმროსთან შევიკრიბეთ, ვინაიდან, ზუსტად ამ სასტუმროსა და საკუთარი ბიზნესინტერესების გამო, მან უღალატა საკუთარ ამომრჩეველს და გასწირა ციხისთვის ადამიანი, რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი. ირაკლი ფანგანმა მშობლები დაკარგა და აი, მის მშობლებს ჩააფურთხა საფლავში პირდაპირი მნიშვნელობით ირაკლი ჩავლეიშვილმა, როდესაც მას უწოდა გაუზრდელი, ეტყობა ოჯახში არ აღზრდილაო. გარდაცვლილ მშობლებს შეეხო იმდენად ამორალურია მისი ქმედება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, არავის არ მოსწონს ნაგვის თავზე დაყრა და ამის ყურება, თუმცა ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიმსახურა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ და გამოვააშკარავებთ ყველა მსგავს ადამიანს, მსგავს არ გავიმეორებთ და ეს იქნება მაგალითი ყველასთვის, რომ შემდგომში ვეღარავინ გაბედოს საკუთარი ერისა და მოქალაქეების ღალატი",- განაცხადა ხათუნა ბერიძემ.

























