ქუთაისის მერი მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სულხან-საბას გამზირზე, მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტოპარკის ტერიტორიაზე 90 ავტობუსზე გათვლილი ღია ავტოსადგომი, პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ავტოპარკინგი, მოსასვენებლი და სარეკრეაციო ზონები მოეწყო, ასევე, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და სხვა დამხმარე ნაგებობები.
„ათწლეულებია ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი არ გვქონია. ქალაქში უკვე ჩამოსულია 36 ახალი, თანამედროვე ავტობუსი, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსები, პირველ ეტაპზე, ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს. ჩვენ ავაშენეთ სრულიად ახალი ავტოპარკიც. ავანგარდში, სულხან-საბას გამზირზე, ამ ავტოპარკის აშენებით ქუთაისის ამ უბანმა ახალი ფუნქცია და დატვირთვა შეიძინა,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

























