"დაიცავი ძველი ბულვარი" ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს ემიჯნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს ორგანიზაცია "დაიცავი ძველი ბულვარი" ეხმაურება. ორგანიზაცია დეპუტატზე განხორციელებულ ფაქტს ემიჯნება და აცხადებს, რომ მომხდარმა ინცინდენტმა აქცია გადაფარა.
"ის რაც დღეს, აქციის შემდეგ მოხდა, ის რაც დღეს მოძრაობა ''ალტერნატივის'' აქტივისტებმა იკადრეს და აკადრეს უპირველეს ყოვლისა თავიანთ მოძრაობას, ირაკლი ჩავლეიშვილს და ქალაქს წარმოუდგენელია! ეს არის ანომალია და ასე თუ კეთდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა, მაშინ ყველაფერი გასაგებია... შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ამ ამაზრზენმა ინცინდენტმა სრულიად გადაფარა ის აქტუალური თემა, რისთვისაც დღეს ბათუმელები შევიკრიბეთ, ლამის დისკრედიტირებულ იქნა ის მოძრაობა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. საქვეყნოდ ვაცხადებ, მოძრაობა "დაიცავი ძველი ბულვარი'' კატეგორიულად გმობს ძალადობას და ვემიჯნებით ამ უმსგავსობას", - წერს მოძრაობის წარმომადგენელი ზეინაბ დიასამიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, "ბეტონყმობა", "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში", "ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან",- ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში ბათუმში მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი იმ ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ბათუმელების ნაწილი აქციას მართავდა. ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

























