ნინო ლაცაბიძე  ,,რუსთავსერვის ცენტრის“ ბაზაზე მიუსაფარი ცხოველების დროებით თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ნინო ლაცაბიძე  ,,რუსთავსერვის ცენტრის“ ბაზაზე მიუსაფარი ცხოველების დროებით თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ ბაზაზე არსებულ მიუსაფარი ცხოველების დროებით თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში რუსთავის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესა და საკრებულოს წევრებთან ერთად, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის - რევაზ გოგიძისგან, მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავში მოქალაქეებთან შეხვედრებისას ერთ-ერთ პრობლემად, მიუსაფარი ძაღლების დიდი რაოდენობა გამოიკვეთა, დღეისათვის ქალაქში 7 ათასზე მეტი ასეთი ძაღლია.

,,მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ცხოველთა დროებითი თავშესაფარში არსებული ინფრასტრუქტურა დავათვალიერე, ვაპირებ შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსთავში მუშაობენ ცხოველთა უფლებების დაცვაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მუნიციპალიტეტი ძალიან მალე გადადგამს კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო, ქუჩაში იყოს რაც შეიძლება ნაკლები მიუსაფარი ძაღლი და ცხოველთა უფლებებიც იყოს რა თქმა უნდა დაცული“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის პირველი მოადგილის ბესიკ ტოგონიძის განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება, კომპლექსურად და ჰუმანური მიდგომებით მოხდება.

,,ქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა არის. ჩვენ ვგეგმავთ, უფრო კომპლექსურად მივუდგეთ ამ საკითხს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობით მოვაწესრიგოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დავამატოთ კვალიფიციური კადრები. ბუნებრივია საკითხის მოგვარება მოხდება ცხოველებისადმი ჰუმანური მიდგომებით“, - განაცხადა ბესიკ ტოგონიძემ.

მიუსაფარი ცხოველების დროებითი თავშესაფარი, მუნიციპალური სამსახურის - ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის" ბაზაზე, რამოდენიმე წელია რაც, ფუნქციონირებს. სამსახურში შექმნილია მიუსაფარი ცხოველების ოპერირების განყოფილება, რომელიც თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური მეთოდების გამოყენებით ეწევა ცხოველთა ვეტერინარულ მონიტორინგს. თავსესაფარში ფუნქციონირებს ლაბორატორია შესაბამისი აღჭურვილობით, მოწყობილია ვოლიერები ცხოველთა დროებითი იზოლაციისათვის.