ნინო ვიბლიანი - იმ ადამიანებისთვის, ვის საკუთრებაზეც ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი გაივლის, კომპენსირება მაღალი საბაზრო ფასით მოხდება, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“/ შპს „ენერგოტრანსი“ ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში, ჯვარის (500/220 კვ) და ხორგას (220/110 კვ) ქვესადგურების დამაკავშირებელი 500 და 220 კვ-იანი 56 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტს საქართველოს ენერგეტიკულ სისტემებს შორის დამატებითი კავშირის უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.
ასევე, აღნიშნული პროექტი ზრდის ქვეყნის შესაძლებლობებს, როგორც ელექტროენერგიის სიმძლავრის, ასევე საქართველოს რეგიონების ელექტრომომარაგების კუთხით.
„მნიშვნელოვანია, რომ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ჯვარი-ხორგას პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროა. პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილური ენერგომომარაგებისთვის, რაც ადგილზე მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის. ჯვარი - ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, გარდა ამისა, ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის ენერგომომარაგებას. მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებისთვის ვის საკუთრებაზეც გაივლის ახალი ელექტროგადამცემი მოხდება კომპენსირება მაღალი საბაზრო ფასით, რომელიც დაადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. მესაკუთრეებისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების ჯამი შეადგენს 4 მილიონამდე ლარს“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია, როგორც ქვეყნის რეგიონების ენერგომომარაგების სტაბილურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდასთან, ისე ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის ამაღლებასთან, რაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.
ცნობისთვის, ჯვარი-ხორგას პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი ევროა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 271 ანძა. პროექტი ხორციელდება EBRD - ის ფინანსური მხარდაჭერით. დასრულება კი 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

























