გურიის გუბერნატორი - დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს საბოლოოდ და ბუკნარში მოსახლეობამ გააგრძელოს მშვიდ გარემოში ცხოვრება

დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს საბოლოოდ და მოსახლეობამ გააგრძელოს მშვიდ გარემოში ცხოვრება, - ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ ჟურნალისტებს სოფელ ბუკნარში განუცხადა.
მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც აწყობთ მსგავსი სიტუაციის დიდხანს გაგრძელება.
„დაპირისპირება გვაჩვენებს ჩვენ, რომ ყოველთვის ვიღაც გამოჩნდება პროვოკატორი, გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მსგავსი უთანხმოება, თუმცა ჩვენ იმიტომ ვართ ყველანი შეკრებილი, როგორც მოსახლეობა, ასევე ხელისუფლება ჩართულია ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს გაუგებრობა, რომელიც ძირითადად წამოწყებულია სოციალური ქსელით და ამ ახალგაზრდების გაუფრთხილებელმა სხვადასხვა მიმოწერამ შექმნა საზოგადოებაში განხეთქილება. ამიტომ, დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს საბოლოოდ და მოსახლეობამ გააგრძელოს ცხოვრება მშვიდ გარემოში, ისევ იმ თანაცხოვრებით, როგორც ცხოვრობდნენ თავის მოძმე ქრისტიანებთან და მუსლიმებთან ერთად“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
ამ წუთებში სოფელ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღევლინება. ლოცვის დასრულების შემდეგ დაიწყება შეხვედრა, სადაც კონფლიქტის საკითხები უნდა გადაწყდეს.

























