ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2020 წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები შეაჯამა

ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა 2020 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები შეაჯამა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. შერაზადიშვილის თქმით, პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა არ შეწყვეტილა. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 10 966 414 ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
“2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისა და სრულიად საქართველოსთვის გამოწვევებით სავსე წელი იყო. პირველი ტალღის პერიოდში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2 თვის განმავლობაში საკარანტინო მდგომარეობის პირობებში უწევდა ცხოვრება. მოხარული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მთელ რიგ შეზღუდვებსა და წესებს გაგებით ეკიდებოდა და ზედმიწევნით იცავდა, რამაც მუნიციპალიტეტში სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნება განაპირობა. ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებული სიმამაცე ჩვენმა მედიკოსებმა, მოხალისეებმა და სამართალდამცველებმა გამოიჩინეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა. შეიქმნა საგანგებო შტაბი, ამოქმედდა უფასო ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლებისდაგვარად სწრაფად ხდებოდა. 2 თვის განმავლობაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე აქტიურად ვაწარმოებდით საინფორმაციო კამპანიას. მედიკოსების მიერ ხდებოდა PCR ტესტების გაკეთება, ასევე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ანტიგენის სწრაფი და PCR ტესტების გაკეთება ახლაც სრულიად უფასოდ შეუძლია.
ამ პერიოდის განმავლობაში არ შეჩერებულა „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესით“ განსაზღვრული არცერთი პროგრამა. მუნიციპალიტეტმა აქტიურად დაიწყო მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 13 567 სასურსათო პაკეტი დარიგდა. საკარანტინო პერიოდში 530 ბენეფიციარი მედიკამენტებით, მკურნალობის, დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებითა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად მატერიალური დახმარებით უზრუნველვყავით.
განსაკუთრებით დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ბიზნეს სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებმაც საკარანტინო პერიოდში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია. ამ თანადგომამ ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენ რთულ პერიოდებში ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება შეგვიძლია და ასე თუ მომავალშიც გავაგრძელებთ, მჯერა, რომ სულ მალე, ყველანი ერთად, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, არაერთ წარმატებას მივაღწევთ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
























