იოსებ ხახალეიშვილი ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

იოსებ ხახალეიშვილი ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ავტოქარხნის ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლებს სერვისების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, უწყების გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის აუცილებელი აღარ იქნება ადგილობრივ თვითმართველობაში მისვლა და შეეძლებათ ყველა სერვისი უბნების მიხედვით, ტერიტორიულ ერთეულებში მიიღონ.

მათივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილება.

მათივე ცნობით, ქალაქის მერი ჩხობაძის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და მათთან სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში რამდენიმე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

„დღეს ავტოქარხნის ტერიტორიულ ერთეულში ვიმყოფებოდი, სადაც თანამშრომლებს იმ სერვისების ხელმისაწვდომობაზე ვესაუბრე, რომლებსაც ჩვენგან ითხოვს მოსახლეობა. ჩვენი გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის აუცილებელი აღარ იქნება მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მოსვლა და შეძლებენ ყველა სერვისი უბნების მიხედვით, ტერიტორიულ ერთეულებში, მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მიიღონ. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ რეგულაციებით, დროებით შეჩერებულია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა და მოსახლეობა ვერ ახერხებს მერიის შენობამდე შეუფერხებლად მოსვლას. დღესვე, ჩხობაძის ქუჩაზე მოსახლეობას შევხვდი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტზე ვისაუბრეთ. ეს პრობლემა ამ ქუჩის მცხოვრებლებს მრავალი წელია აწუხებთ. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში, ის ქუჩები დავათვალიერე, რომელთა სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მარჯვენა დასახლებაში სულ 32 ქუჩა კეთდება. აქედან 10 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.