აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ.სახალხო გენინსპექციის წევრებმა სამართალდამცავების ფოტოები გამოფინეს

აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ.სახალხო გენინსპექციის წევრებმა სამართალდამცავების: ირაკლი ბასილაძის, დავით მაღრაძის, რეზო ხარაზის, ირაკლი ჭედიშვილისა და ჯემალ ჭყონიას ფოტოები გამოფინეს. როგორც მათ განაცხადეს, ფოტოზე გამოსახული არიან ის პოლიციელები, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე მყოფ მოქალაქეებზე ძალადობენ და ფიზიკურად უსწორდებიან.
ე.წ.სახალხო გენინსპექციის წევრის ბონდო თედორაძის თქმით, პოლიციელის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს შეისწავლიან და პროკურატურას მიმართავენ.
„ფოტოებზე პოლიციის მაღალჩინოსნები არიან გამოსახული. ისინი აგრესიულები არიან და მშვიდობიან მომიტინგეებს არბევენ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ამ მოძალადე პოლიციელების შესახებ საზოგადოება გაიგებს. ქართული პოლიცია მილიციად იქცა. ისინი სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან. პოლიციელები აქციის მონაწილეებს არბევენ, ძალადობენ და აბსურდული ბრალდებებით აკავებენ. გამოხატვის თავისუფლებაში გვიშლიან ხელს",- განაცხადა ბონდო თედორაძემ.
























