გიორგი კირთაძე - ორი გზა დაგვრჩა - ჩრდილოეთ კორეა, ან ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვატარებთ სამართლიან არჩევნებს

ორი გზა დაგვრჩა, ან ჩრდილოეთ კორეა, ან ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვატარებთ სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა. ამით ის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც მან აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
მისი თქმით, ოქმებზე ჩანს როგორ გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები და ბიულეტენები დაიკარგა.
"ალეკო ელისაშვილმა თქვა, პარლამენტში რომ შევალ, გამოვიძიებ და თუ დადგინდა, რომ 1 პროცენტით მაინც გაზრდილია „ოცნების“ ხმები, ჩავატარებ არჩევნებსო. ეს ერთი პროცენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ამბებზეც ხომ უნდა გავრცელდეს, სადაც 1781 ხმა საერთოდ დაკარგულია. ოქმებში ჩანს, რომ ბიულეტენები მოიპარეს. ვინმეს სჯერა, რომ ეს ბიულეტინი „ქართულ ოცნებას“ მოპარეს? ყველამ კარგად ვიცით, რომ ოპოზიციისთვის მოპარული ხმებია და ამან გაზარდა მათი ხმები. ამითია შეჯამებული უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ ამ 21 უბანს გავაუქმებთ, აღმოვაჩენთ, რომ ერთ პროცენტზე ბევრად მეტი აკლდება „ქართულ ოცნებას. მე-5 კლასის მათემატიკის საშუალო დონეზე ცოდნა არის სრულიად საკმარისი მიხვდე, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთ პროცენტზე მეტი აქვს მიწერილი. ასეთ პარლამენტში შესვლა საპროტესტო მუხტს ვერაფერს დააკლებს, კონკრეტული ადამიანები კი თავს გაინადგურებენ.
რეგისტრაციას აგიკრძალავთ, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებთ – ამით კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ რუსეთში კი არ მივდივართ, არამედ პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაში გაგვიშვა. მართლა ორი გზა დაგვრჩა, ან ჩრდილოეთ კორეა, ან ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვატარებთ სამართლიან არჩევნებს", - განაცხადა კირთაძემ.
























