ცოტნე ანანიძე - ადამიანი და მისი უფლებები კვლავ უმთავრესი ორიენტირი იქნება ჩვენი ქვეყნისა და მისი წარმატებული მომავლისთვის

ადამიანი და მისი უფლებები კვლავ უმთავრესი ორიენტირი იქნება ჩვენი ქვეყნისა და მისი წარმატებული მომავლისთვის, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ განაცხადა.
მან მოსახლეობას ადამიანის უფლებათა დაცვის დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავს. თარიღის დაწესება გაეროს მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის მიღებას უკავშირდება. დოკუმენტის რატიფიცირებით დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებულმა სახელმწიფოებმა გამოხატეს თავიანთი სწრაფვა და მზადყოფნა, ეზრუნათ ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამის გარანტი კი ნებისმიერ შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოში კონსტიტუციაა, უმთავრესი კანონი, რომელიც, თავის მხრივ, ამოსავალია ყველა სხვა კანონისათვის. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და იმედი მაქვს, რომ ადამიანი და მისი უფლებების დაცვა კვლავ უმთავრესი ორიენტირი იქნება ჩვენი ქვეყნისა და მისი წარმატებული მომავლისთვის“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ცოტნე ანანიძის განცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
























