„მადლიერების ჩიტი“ - ჯილდო საზოგადოების ღირსეული წევრებისთვის

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ და მისი დამფუძნებლის ბატონი ვანო ჩხარტიშვილის მიერ შეიქმნა.
ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზანია ქართული სიმღერაგალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ასევე, ქართული ტრადიციული მუსიკის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა, რაც ჩვენი მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საგანძურია.
ფონდის პროექტების ხელშემწყობთათვის, განსაკუთრებული პატივისცემის და მადლიერების გამოსახატავად, მისი დამფუძნებლის – ქალბატონი ნანა გოთუას მიერ შეიქმნა ჯილდო „მადლიერების ჩიტი“.
პრემია პირველად 2019 წელს გადაეცათ საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურებს: აქრიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე) და არქიმანდრიტ ანდრიას (ლაცაბიძე) ქალაქ ბარისა და ფლორენციის ქართულ სამრევლოებში ტრადიციული სიმღერა-გალობის მხარდაჭერისთვის და ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ბავშვები ქართულ ტრადიციულ მუსიკას ეუფლებიან.
მოგვიანებით, ჯილდო მიიღო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, რომლის ინიციატივითა და ფონდის მხარდაჭერით 2019 წელს ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი დაფუძნდა.
სულ რამდენიმე დღის წინ კი, "მადლიერების ჩიტით" საიუბილეო საღამოზე დაჯილდოვდა ქართველი გამოჩენილი მომღერალი და ლოტბარი, ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, საუკუნის მოამაგე – ანზორ ერქომაიშვილი. ჯილდოს ოთხივე მფლობელი ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და ამაგისათვის დაჯილდოვდა და ფონდისთვის დიდი პატივია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა.
ფონდი განაგრძობს თავის საქმიანობას და ქართული საგანძურის ახალი თაობისთვის შეგროვება-გადაცემას.

(R)
























