3D უსაფრთხოება — ბარათის დაცვის ახალი სერვისი "ტერაბანკისგან"

ამიერიდან "ტერაბანკის" მომხმარებლები ინტერნეტგადახდებისას 3D უსაფრთხოების სერვისით ისარგებლებენ. მომსახურება ონლაინოპერაციების განხორციელების პროცესში დამატებით დაცვას უზრუნველყოფს და ბარათის მფლობელს მისი არასანქცირებული გამოყენებისგან იცავს.
3D უსაფრთხოება უფასოა. იგი "ტერაბანკის" ვიზასა და მასტერქარდის ბარათებზე ავტომატურად აქტიურდება. ინტერნეტგადახდის დროს მომხმარებელი, შეტყობინების სახით მობილურ ტელეფონზე უსაფრთხოების კოდს იღებს, რომელიც მან შესაბამის ფანჯარაში უნდა მიუთითოს. აღნიშნული კოდი მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული შესყიდვისთვისაა განკუთვნილი.
COVID-19-ით გამოწვეულმა სოციალურმა იზოლაციამ დისტანციურ საბანკო ოპერაციებზე მოთხოვნა და ონლაინგადახდების რიცხვი ბუნებრივად გაზარდა. "ტერაბანკში" აცხადებენ რომ, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.
„უკანასკნელ პერიოდში დისტანციური არხებით სარგებლობამ არაერთ მომხმარებელს აგრძნობინა ის კომფორტი, რომელიც ინტერნეტით ოპერაციების შესრულებას ახლავს. ვფიქრობთ, ონლაინგადახდები ბევრი მათგანისთვის ცხოვრების ჩვეულ წესად იქცევა. რა თქმა უნდა, ეს კარგია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, კომფორტთან ერთად, ონლაინგადახდები დაცული იყოს. სწორედ ამას უზრუნველყოფს ჩვენი ახალი სერვისი“, - აღნიშნავენ "ტერაბანკში".
ტექნოლოგიებისა და უსაფრთხო, კომფორტული დისტანციური სერვისების განვითარება და გამრავალფეროვნება "ტერაბანკის" ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა და სიახლეების შეთავაზება სამომავლოდაც გაგრძელდება.
(R)
























