ქართულ food and beverage სფეროში პირველი პირდაპირი ევროპული ინვესტიცია განხორციელდა - Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში „არგოს“ 40% შეისყიდა

ქართულ food and beverage სფეროში პირველი პირდაპირი ევროპული ინვესტიცია განხორციელდა. Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში „არგოს“ 40% შეისყიდა, რითაც ლუდის წარმოების ქართულ ბაზარზე თავისი წილი 15%-მდე გაზარდა.
ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონიალი ლუდსახარშ „არგოს“ ქარხანაში გაიმართა. ღონისძიებას სვინკელების ოჯახის წარმომადგენლები, კომპანია „არგოს“ გენერალური მენეჯერი ვასილ სულხანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ბიზნესმენი თემურ ჭყონია და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Royal Swinkels Family Brewers-ისა და კომპანია „არგოს“ წარმომადგენლებს ხელშეკრულების გაფორმება მიულოცა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო ქართულ წარმოებასა და მის განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს.

„ეს არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ იზიდავს საქართველო ევროპულ ინვესტიციებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა თვითონ ევროპული კომპანიისთვის, Royal Swinkelsჯგუფისთვის, რომ აწარმოოს ლუდი საქართველოში, დაასაქმოს აქ მეტი ადამიანი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების წყალობით, აქედან გაყიდოს სხვადასხვა ბაზარზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა კომპანია „არგოს“ გენერალურმა მენეჯერმა ვასილ სულხანიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, Royal Swinkels Family Brewers-ის წარმომადგენლებს ინვესტიცია ძალიან საინტერესოდ მიაჩნიათ, რადგან ამ კუთხით მომგებიანობა გაიზრდება, რაც ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავალია.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ჩვენთვის, როგორც საინვესტიციო საზოგადოება „არგოსთვის“, ასევე ვფიქრობ, თვითონ ბიზნესის კუთხიდან გამომდინარეც. იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი ინვესტიცია, პირდაპირი მოლაპარაკებები სტრატეგიულ პარტნიორთან.

Royal Swinkels Family Brewers-ს 22 ქვეყანაში გააქვს პროდუქცია ჰოლანდიიდან. ჩვენ ადგილობრივად ჩამოვასხამთ მათ ბრენდებს. შევთანხმდებით, რომელ ბრენდებზე იქნება საუბარი, აქედან მივაწვდით სხვადასხვა ქვეყანას. როგორც ამიერკავკასიაზეა საუბარი, ასევე - აზიურ და არაბულ ნაწილზე, იმიტომ, რომ ლოჯისტიკის მიხედვით, საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს“, - განაცხადა ვასილ სულხანიშვილმა.
საქართველოში ინვესტიციის განხორციელების მიზეზები განმარტა Royal Swinkels Family Brewers-ის აღმასრულებელმა დირექტორმაპიერ სვინკელსმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ურთიერთობა კომპანია „არგოსთან“ მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.
„ძირითადი მიზეზი, რის გამოც სამეფო ოჯახის ხელში არსებულმა ლუდსახარშმა გადაწყვიტა საქართველოში ინვესტიცია, არის ქართული კომპანიის ძალიან პერსპექტიული შესაძლებლობები ევროპულ ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ასევე, კომპანიის მოქნილი მენეჯმენტი, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ ამ კონკრეტულ ქარხანაში ინვესტირება მოგვცემდა გაცილებით მეტს, ვიდრე შესაძლებელი იყო სხვა ტიპის თანამშრომლობის შემთხვევაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი საქართველოს მთავრობის მიერ ძალიან მოქნილი და საინტერესო საინვესტიციო გარემოს შექმნაა. ეს გულისხმობს იმას, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა საქართველოდან შესაძლებელი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება ძალიან ბევრ ევროპულ ბრენდს დააინტერესებს და საქართველოსთან ითანამშრომლებენ“, - განაცხადა პიერ სვინკელსმა.
(R)
























