ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ პოლიციის პოსტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტის წევრები ადასტურებენ, რომ სოფელ სინაგურთან საქართველოს პოლიციის პოსტი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, დე ფაქტო პარლამენტის პრესმდივანმა ელენა კულუმბეგოვამ განაცხადა.
სააგენტოს ცნობით, დეფაქტო დეპუტატები ე.წ. საზღვართან „პარლამენტის“ თავმჯდომარის ალანა თადტაევის თხოვნით იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ორგანოში შევიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პოლიციის მშენებარე ბლოკპოსტი სინაგურში შენდება.
„დეპუტატებმა შეისწავლეს ბლოკპოსტის ადგილმდებარეობა. პარლამენტარებს თან ჰქონდათ 1960-იან წლებში გამოშვებული და ახალი რუკები. მათი მონაცემებით, პოსტი მდებარეობს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე და არ არღვევს სამხრეთ ოსეთის საზღვარს“ - განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის პრესმდივანმა ელენა კულუმბეგოვამ.
თუმცა, მისი თქმით, „დეპუტატებმა“ უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოს პოლიციის ბლოკპოსტი ძალიან ახლოს მდებარეობს ე.წ. საზღვართან და ამ საკითხის მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებას აპირებენ.

























