სუს-ი - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე შეზღუდვები ართულებს ადგილობრივების ცხოვრებას და უსაფრთხოების გარემოს აზიანებს

სუს-ი - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე შეზღუდვები ართულებს ადგილობრივების ცხოვრებას და უსაფრთხოების გარემოს აზიანებს

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე შეზღუდვები ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ „საზღვრის“ დაკეტვის საკითხზე კომენტირებისას განუცხადეს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ცხელი ხაზია გააქტიურებული.

„ცხელი ხაზით” მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს. აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოცემულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებული იქნა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები“,- აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთ ოსეთის“ КГБ-ს პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, რომ 4 სექტემბრის, 20:00 საათიდან გამშვები პუნქტები საქართველოსთან „საზღვარზე“დროებით ჩაიკეტება. მისი თქმით, ეს ცოდნის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო კეთდება. გამშვები პუნქტების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში 6 სექტემბერს, 06:00 საათზე განახლდება.