შიდა ქართლის გუბერნატორი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული პირების ოჯახის წევრებს ხვდება

შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი სოფელ ახალუბნის განაპირას, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს ხვდება. გიორგი ხოჯევანიშვილმა გამყოფ ხაზთან დაკავებული 32 წლის კობა ვარდანაშვილის დედა მოინახულა.
„დაკავებულების ოჯახებს ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციას ვაწვდით. მართალია, ამ დროისთვის დამატებით დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების ყველა უწყება ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. ყველა ჩართულია ამ პროცესში, რომ მოკლე დროში მოხდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. რაც შეეხება დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენი ინფორმაციით, ყველა მათგანის მდგომარეობა ნორმალურია,“ - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ერთ-ერთი დაკავებულის, იაკობ ვარდანაშვილის დედის, ელენე ვარდანაშვილის თქმით, ცხინვალის პოლიციის იზოლატორში მყოფ ახალუბნელებზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებენ.
ცხინვალის იზოლატორში სულ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბანთან დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

























