მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს

მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორში, გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა, რომელთა სახლებიც სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ციხელაშვილის სტუმრობის მიზანი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სახელით მათთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფორმებსა და სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ნაბიჯებზე გასაუბრება იყო.

ციხელაშვილის ინფორმაციით, ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები სახელმწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიიღებენ, რომელთა დამუშავებასა და სურვილისამებრ გამოყენებასაც შეძლებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით, მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტინთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ. ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათთვის უფასო პროფესიულ გადამზადებაც იქნა შეთავაზებული.

„დღეს აქ იმისათვის ვარ, რომ მთავრობის სახელით მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო და დახმარება კონკრეტული ფორმებით ვცადოთ. აქ საუბარია სოციალურ დახმარებასა და იმ სახლების დაკანონებაზე, რომლებშიც დღეს ცხოვრობენ. ასევე, იმ შესაძლებლობაზე, რომ საკუთარ სოფელში სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ, რათა ბმა არ დაკარგონ. ეს მათი სურვილია და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

ჩვენი ამოცანა, ზოგადად, ის გახლავთ, რომ არა მხოლოდ ამ სამ ოჯახს, რომელსაც მავთულხლართების გავლების პროცესი უშუალოდ შეეხო, არამედ მთლიანად სოფელს, გუგუტიანთკარს და ყველა იმ სოფელს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც დღეს მავთულხლართებითაა გახლეჩილი. საქართველოში ასეთი სოფელი ასზე მეტია. აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ხუთწლიან პროგრამას, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც საბაზისო საჭიროებების მოგვარებისკენაა მიმართული - წყლის სისტემების მოწესრიგებისაკენ, გაზიფიცირებისაკენ, განათლების დაფინანსებსაკენ, ჯანდაცვის გარკვეული ობიექტების მშენებლობისაკენ, ინფრასტრუქტურის შეკეთებისაკენ და ა.შ. რაც მთავარია, თანდათან გადავალთ იმაზე, რომ სოფლებში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა გაჩნდეს, რათა ადამიანები ამ მიწაზე დამაგრდნენ და ამით გავცეთ საქმიანი, ღირსეული და ყველაზე ქმედითი პასუხი ოკუპაციას - განვითარებით, უკეთესი განათლებითა და მეტი შესაძლებლობით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ეს მახინჯი მავთულხლართები და ბარიკადები დავამარცხოთ“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ვალია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას გვერდით დაუდგეს.

„2013 წლიდან ამ სოფლების დახმარება და სტუდენტების დაფინანსება დავიწყეთ და მათი რიცხვი 2018-2019 სასწავლო წელს ფაქტობრივად სამჯერ გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში მოსწავლეების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. თავის მხრივ, ეს არის ძალიან სარწმუნო ინდიკატორი, რომ ოჯახები საკუთარ მიწაზე მაგრდებიან და ცხოვრებას აგრძელებენ მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მავთულხლართების პირისპირ უწევთ ყოფნა, რაც ადვილი არ არის. მე ვფიქრობ, რომ მართლაც აქ გადის ჩვენი ანტისაოკუპაციო, სამშვიდობო ფრონტის ხაზი. ჩვენი ვალია, მათ გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახებში, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.