გორის მერი - ყველა უწყება ჩართულია, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს

სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის მონტაჟს აგრძელებენ, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი იმყოფება. მისი თქმით, ყველა სახელწიფო უწყება ჩართულია, რომ შეწყდეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი.
„სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის განაპირას კვლავ განაახლეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და მნიშვნელოვნად აზარალებს აქ მცხოვრებელთა მდგომარეობას. ყველა უწყება ჩართულია, რომ შეჩერდეს ეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს მოსახლეობა. რაც შეეხება სარწყავი წყლის რეზერვუარს, საიდანაც სოფელი მარაგდება, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი" და ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია, რომ თავიდან იქნას აცილებული დამატებითი პრობლემები. მოგეხსენებათ, უკანონოდაა დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე და ამ მიმართულებითაც ყველა ბერკეტის გამოყენება ხდება, რომ უმოკლეს დროში მოხდეს მათი გათავისუფლება", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

























