"ორბი ჯგუფი“ ბახმაროს განვითარებას იწყებს - უპრეცედენტო, 100-მილიონიანი ინვესტიცია ბახმაროში

ბახმაროს უნიკალური კურორტი თავისი განსაკუთრებული სამკურნალო და საკურორტო თვისებებით დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ დღემდე კურორტი რჩება ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ და დასასვენებლად მოუხერხებელ ადგილად. „ორბი ჯგუფი“ პირველი კომპანიაა, რომელიც ბახმაროში თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის კომპლექსის აშენებას იწყებს.
საინვესტიციო პროექტის მიხედვით აშენდება სასტუმრო კომპლექსი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები; სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ღია და დახურული აუზები, პარკინგი, და ა.შ. რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად მოემსახუროს 300 000-ზე მეტ ტურისტს, რაც 20-ჯერ მეტია დღეს არსებულთან შედარებით და ამ მხრივ უნიკალური მოვლენაა არა მარტო ბახმაროსათვის, არამედ გურიისთვისაც.

პროექტის ფარგლებში დასაქმდება 2 ათასამდე ადამიანი. მიმდინარე წელს ჩატარდება გეოლოგიური კვლევები, მოხდება პროექტირება და მომავალი წლიდან აქტიურად დაიწყება მშენებლობის პროცესი, რომელიც 2021 წლისთვის დასრულდება.
პროექტის არქიტექტურა და დიზაინი გარემოსთან და ადგილობრივ ლანდშაფტთან შესაბამისი იქნება. კურორტის განაშენიანება და ურბანული დაგეგმარება ერთიანი კონცეფციის ფარგლებში მოხდება. პროცესში ჩაერთვებიან მსოფლიოში ცნობილ კომპანიები, რომელთაც აქვთ სამთო-ტურისტული კომპლექსების მშენებლობის განხორციელების ყველაზე დიდი გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია.

ბახმაროში აშენდება უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიზიდავს მაღალბიუჯეტიან ტურისტებს, რაც გურიის ეკონომიკისათვის მძლავრი სტიმული იქნება. იგი სოლიდურ შემოსავლებს მისცემს როგორც ბიუჯეტს, ისე მოსახლეობას. სტაბილურად დასაქმდება ათასობით ადამიანი.
(R)

























