ქეთევან ციხელაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას

ქეთევან ციხელაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას

საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რაც არის საკუთარ სოფლებსა და კარ-მიდამოებში გადაადგილების საშუალების აღკვეთა, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი მამაკაცის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ეს მიმართულია მოსახლეობის დაშინებასა და დაშორიშორებისკენ.

“ბოლო პერიოდში გაზრდილია ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებიდან მოსახლეობის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაკავებების რიცხვი. წინა წელს 4-5-ჯერ აღემატებოდა ცხინვალის რეგიონში დაკავებების რიცხვი, როცა ცხინვალის რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში შემოსვლას ცდილობენ. ეს არის დიდი პრობლემა არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის და ოსებისთვის“, - განაცხადა ქეთავან ციხელაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითაა აყვანილი.

მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია.