რუდოლფ მიხალკა - დადებითი მდგომარეობა ტრენდად ყალიბდება

რუდოლფ მიხალკა - დადებითი მდგომარეობა ტრენდად ყალიბდება

საკითხები, რომლებიც მხარეებს აწუხებს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში უნდა იყოს განხილული. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარემ რუდოლფ მიხალკამ განაცხადა კითხვაზე, ამ ფორმატში შეხვედრებზე ქართული მხარე რატომ აყენებს ისეთ საკითხებს, რომლებსაც ფორმატის მანდატი არ ითვალისწინებს.

„რა თქმა უნდა, საკითხების წრე, რომლებიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში განიხილება, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არამედ მხარეებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, რაც მხარეებს აწუხებს, ამ შეხვედრებზე უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარემ.

რუდოლფ მიხალკამ დადებითი შეფასება მისცა იმ ატმოსფეროს, რომელიც წინა სხდომის დროს იყო და განაცხადა, რომ „ეს ტრენდად ყალიბდება“.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ ბოლო სხდომაზე მე ორი საკითხი დავაყენე, რომლებიც შევა მეორე სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგში და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება. პირველი უკავშირდება ხანძრებს ტყის მასივებში, რომელიც ძალიან აწუხებს ფერმერებს და მეორე - წყალმომარაგებას უკავშირდება, რომელიც სამხრეთ ოსეთიდან ქართულ მხარეს მიეწოდება“, - განაცხადა მიხალკამ.