„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა

აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000 ადამიანს შეადგენდა.

11 მარტს, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „მავთულხლართების ზონა - ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში, ძირითადად, ეყრდნობა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას. კვლევის მიმდინარეობისას ორგანიზაციამ განახორციელა 8 ვიზიტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში. შეხვედრები გაიმართა, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. გამოკითხვის გზით და სხვადასხვა საჯარო ინფორმაციის მიღების შედეგად გამოვლენილი პრობლემები გაანალიზდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით. ანგარიში მომზადდა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიში ასახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე მიმდინარე მასობრივ უფლებადარღვევებს, მათ შორის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, უკანონოდ დაკავებულ პირთა მოპყრობის, გადაადგილებისა და განათლების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე ადამიანთა დაკავება ხშირად ხორციელდება ე.წ. გამყოფი ხაზების მიღმა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„დაკავებებს აქვს შემთხვევითი ხასიათი და მოსახლეობისათვის რთულია პროგნოზირება, თუ რა ტერიტორიაზე შეიძლება მოხდეს მათი დაკავება. დაკავების გარკვეულ იზოლატორებში არ არის სათანადო პირობები. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაკავებულ პირთა მიმართ ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობას.

აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000 ადამიანს შეადგენდა. გალში მცხოვრები მოსახლეობისათვის პრობლემურია სათანადო დოკუმენტაციის მიღება, რაც მათ უზღუდავს გამყოფ ხაზზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. აღნიშნული შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დეტალურად არის განხილული ანგარიშში“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ.