კურორტ „გომარდულის“ ხელმძღვანელობასთან საგადასახადო შეთანხმება გაფორმდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის გასვლით სხდომაზე კურორტ „გომარდულთან“ დაკავშირებით სიახლეების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის გასვლით სხდომაზე აღნიშნა, რომ კურორტის ის პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა, საბოლოოდ აღმოფხვრილია.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება საგადასახადო შეთანხმების გაფორმება და ყადაღა მოეხსნება კომპანიას, რაც აქციონერებს მისცემს საშუალებას განავითარონ კურორტი „გომარდული“. ამ მიმართულებით სახელმწიფო, განსაკუთრებით კი აჭარის ხელისუფლება, ბოლომდე იქნება ჩართული, რომ „გორმადულში“ იყოს მეტი განვითარება, იყოს მეტი ტურიზმი,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის მეთაურმა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს უმოკლეს ვადებში კურორტზე სეზონის გახსნის უზრუნველყოფა დაავალა.
დღესვე, მთავრობის სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტები, რომლებიც საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად ინვესტორი კომპანიებისთვის პირგასამტეხლოს გადავადებას ითვალისწინებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, 28 სექტემბრის მთავრობის განკარგულება ძალიან კარგად და ადეკვატურად აბალანსებს სახელმწიფო და კერძო ინტერესს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესს თანამშრომლობისთვის. საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკა მთავარი პრინციპის - საჯარო და კერძო ინტერესის გათვალისწინებით ხდება და ასე გაგრძელდება მომავალშიც,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

























