ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 50,48% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი - 49,52%, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განუცხადა. მისი თქმით, ზუგდიდის ოლქში პროცედურულ გადაცდომებზე სულ 17 საჩივარი დაიწერა.
"67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 120 844 ადამიანს. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა 20:00 საათისთვის გახლდათ 58 170 ამომრჩეველი - 48,13%. რაც შეეხება შედეგებს, ცესკოს გვერდზე ავტომატურად არის ატვირთული ყველა საარჩევნო ოლქის, საარჩევნო უბნის ოქმები და ზოგადად 100%-ით არ არის დათვლის შედეგები. თუმცა ჩვენი ოლქის მონაცემებით, რაც არის შედეგები, 107 უბნიდან 5 ნომერმა ამომრჩეველთა 28 035 ხმა მიიღო, რაც 49,52%-ია. რაც შეეხება 48 ნომრით კანდიდატს, მას 50,48% აქვს,ანუ 28 577 ხმა. ეს არის წინასწარი მონაცემები. რაც შეეხება პროცედურულ გადაცდომებს და საჩივრებს, ზუგდიდის ოლქში რეგისტრირებულია სულ 17 საჩივარი, რაც პროცდურულ გადაცდომებს ეხება და გავლენას არ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე",- განაცხადა მირანდა მესხმა.

























