17:00 საათის მონაცემებით, ფოთში არჩევნებში 19 738-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში 19 738 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 47,65%-ია. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით მაღალია.
„რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისთვის საოლქოში შემოსულია 8 საჩივარი, ხოლო უბნებზე 13 საჩივარი დაიწერა. ისინი ძირითადად გარე აგიტაციის თემას, ფოტოების გადაღებას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის გაძევების მცდელობას და წილისყრის პროცედურების დარღვევას ეხება. საჩივრების ნაწილი ადგილზევე აღმოიფხვრა, ხოლო დანარჩენებთან დაკავშირებით საოლქო კომისია იმსჯელებს,“- განუცხადა ჟურნალისტებს სალომე როდონაიამ.

























