ზვიად ძიძიგური - მარნეულში ამ ეტაპზე სრული სიმშვიდეა და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება

მარნეულში ამ ეტაპზე სრული სიმშვიდე და სიწყნარეა, იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება. ქვემო ქართლის რეგიონშიც რამე განსაკუთრებულს არ ვხედავ, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულში „ქართული ოცნების" შტაბში მისულმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მათი გუნდი რეგიონებშია გადანაწილებული.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიციაა, არჩევნები რაც შეიძლება მშვიდად, წყნარად ჩავატაროთ, რომ პროვოკაციებზე წამოგება არ მოხდეს. იცით, არჩევნები ძალიან მგრძნობიარე თემაა და ადვილად შეიძლება პროვოკაციაზე ერთმა გამოცდილმა პროვოკატორმა წამოაგოს ადამიანები, ამიტომ გადანაწილებულები ვართ რეგიონებში, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციები მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან.
დარღვევები არის ისევე, როგორც ყველა არჩევნების დროს და ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებშია. იმ დარღვევებზე საჩივრები დაიწერა, ამას ყველაფერს ცესკო განიხილავს", - აცხადებს ძიძიგური.
რაც შეეხება, სამართალდამცავებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებას, როგორც ძიძიგური განმარტავს, ეს აუცილებელი არის, რათა ყველა სახის ექსცესი თავიდან იყოს აცილებული.
„უსაფრთხოება, სიწყნარე, სტაბილური არჩევნების ჩატარება შედის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში. ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა ჩვენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც რეგიონებში დადიოდა, სანამ არჩევნები დაიწყებოდა. საკმაოდ აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდა და შესაძლებელია რაღაც პროვოკაციები იყოს, ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყოს ჩარეული ყველა ექსცესის თავიდან ასაცილებლად", -აღნიშნავს ის და იქვე დასძენს, რომ პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩევლები აქტიურობენ.
„12 საათისთვის, 100 000 კაცზე მეტი მოვიდა, ვიდრე პირველ ტურში. ეს 100 000 კაცი 8 საათისთვის, მინიმუმ გაორმაგდება და ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ეს აქტიური ადამიანები, ვინც მეორე ტურს მიემატა, "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ მიმატებული ხმები არ არის", - აღნიშნა ძიძიგურმა.

























