მერაბ ქვარაია ზუგდიდის 105-ე საარჩევნო უბანთან ორი პირის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს

ზუგდიდის 105-ე საარჩევნო უბანზე ორი პირის დაკავების ფაქტს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია არ ადასტურებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებული პირების შესახებ სამართალდამცველებისგან ინფორმაცია არ მიუღია. მისი თქმით, ერთ-ერთ ამომრჩეველთან დაკავშირებით, კომისიის წევრები დაეჭვდნენ ჰქონდა თუ არა 105-ე უბანზე მას ხმის მიცემის უფლება, რის გამოც ამ ადამიანს შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტიც მოსთხოვეს.
„აჟიოტაჟი, რაც იქმნება, ხელოვნურადაა შექმნილი ესკალაციისა და დაძაბულობისთვის. მინდა დაგამშვიდოთ, რომ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ასე დასრულდება", - განაცხადა ქვარაიამ.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ ზუგდიდის 105-ე საარჩევნო უბანთან ორი ადამიანი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ არავინ დაუკავებიათ.

























