საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია.
მისი თქმით, 12:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 28245-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 18.1%-ია.
„ამომრჩევლების ეს აქტივობა პირველი ტურის 12:00 საათის მონაცემებთან შედარებით 6000-ით მაღალია. რაც შეეხება, კენჭისყრის პროცედურას, მშვიდ ვითარებაში მომდინარეობს",- განმარტავს ოსეფაიშვილი.
მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში ექვსი საჩივარია შესული, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება.
„საჩივრები დაწერილია “ნაციონალური მოძრაობისა" და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ," - აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

























