რუსთავის #39-ე საარჩევნო უბანზე მარკირებაგავლილი ამომრჩეველი ხმის მიცემას კიდევ ერთხელ ცდილობდა

რუსთავის #39-ე საარჩევნო უბანზე მარკირებაგავლილი ამომრჩეველი ხმის მიცემას კიდევ ერთხელ ცდილობდა. შემთხვევა ამომრჩევლის უბანში შესვლის მცდელობისას, მარკირებაზე შემოწმების დროს დაააფიქსირა საარჩევნო კომისიის წევრმა.
#39-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩეველს ცერა თითზე დეტექტორით შემოწმების შემდეგ მარკირება აღმოაჩნდა. შედგება შესაბამისი ოქმი, სადაც კომისიის წევრები საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.
#39- საარჩევნო უბანზე ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია, ამომრჩეველმა მარკირების აღმოჩენის შემდეგ უბნის ტერიტორია დატოვა.
არსებული ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი #5 #17 #26 უბნებზეც დაფიქსირდა. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის განცხადებით, მარკირებაზე ყველა ამომრჩეველი მოწმდება.
,,ვერც ერთი მარკირებაგავლილი ამომრჩეველი უბანზე ვერ შევა, მსაგავსი ფაქტი დაუყოვნებლივ ფიქსირდება და თუ ვინმეს ამის მცდელობა ექნება, დაუყოვნებლივ იქნება აღმოფხვრილი ეს მცდელობა. ეს არის ჩემი პოზიცია", - აცხადებს გაგა აფციაური.
10:00 საათის მონაცემებით, რუსთავში ამომრჩევლთა 8.61 %-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც არჩევნების პირველ ტურთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

























