ზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი ელისო შენგელია გააძევეს

ზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბნიდან  "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი ელისო შენგელია გააძევეს

ზუგდიდში, მე-4 საარჩევნო უბნიდან ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი ელისო შენგელია გამოაძევეს.

როგორც შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მე-4 საარჩევნო უბანზე მივიდა დამკვირვებლის სტატუსით, რა დროსაც საკუთარი მობილური ტელეფონით გადაიღო ფოტო. მისი თქმით, სწორედ ამას მოჰყვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა გურგულიანის მიერ პოლიციის გამოძახება და უბნიდან სამართალდამცველების მეშვეობით გამოძევება.

ელისო შენგელია ამ ფაქტს მისი,როგორც დამკვირვებლის დაშინების ფაქტად აფასებს. მისი თქმით, აღნიშნულ უბანზე ფოტოს გადაღების სრული უფლება ჰქონდა.

"მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ამჟამად დამკვირვებლის სტატუსით მოვედი მე-4 საარჩევნო უბანზე. გარკვეული ფოტოს გადაღების უფლება მაქვს, მთავარია, რომ ფოტო არც რეგისტრაციისთვის და არც ყუთისთვის არ გადამიღია. უბრალოდ გადავიღე გარკვეული ადამიანის რაღაც მოძრაობა. როგორც კი ეს შეამჩნია კომისიის თავმჯდომარემ, დაწერა ოქმი და მოითხოვა ჩემი გაძევება უბნიდან. მეც შევეპასუხე. ამის მერე პოლიცია რატომ გამოიძახა", - განაცხადა ელისო შენგელიამ.

რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის, ნანა გურგულიანის პოზიციას, როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, შენგელია უბნიდან არ გადიოდა, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.