საოლქო კომისიის თავმჯდომარე - თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 54 უბანი წესების სრული დაცვით გაიხსნა

თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 54 უბანი სრული წესების დაცვით გაიხსნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა.
გიორგი კალმახელიძის თქმით, წესისამებრ, უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო 08:00 საათიდან დაიწყო კენჭისყრის პროცესი. პირველი ამომრჩეველი კი უბანზე 08:03 საათზე დაფიქსირდა.
„პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველადი შემაჯამებელი მონაცემები დაახლოებით 12:00 საათზე გვექნება“, - განაცხადა თელავის მე- 17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 54 უბანია გახსნილი, აქედან 16 არის ქალაქ თელავში.
თელავის მუნიციპალიტეტში სულ 56 513 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

























