გურჯაანში, სოფელ ველისციხეში, მიხეილ სააკაშვილის ძმის ჩასვლას პროტესტი მოჰყვა

გურჯაანში, სოფელ ველისციხეში, მიხეილ სააკაშვილის ძმის ჩასვლას პროტესტი მოჰყვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მიხეილ სააკაშვილის ძმის ჩასვლას პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილმა დავით სააკაშვილი ტყუილ დაპირებებში დაადანაშაულა და სოფლის დატოვება მოსთხოვა.

ადგილობრივების განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება 400- ლარიან პენსიაზე ხალხის მოტყუებაა, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ შეასრულებენ. მათივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილები არიან და არ უნდათ ოპოზიციონერების დაბრუნება.

„არ გვინდა მაგათი დაბრუნება, ტყუილ დაპირებას გვაძლევენ. ამ ხელისუფლებამ ბევრი სოციალური პროგრამა განახორციელა ჩვენს სოფელში და არ გვინდა ცოცხების ხელისუფლების დაბრუნება. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში 400- ლარიან დაპირებულ პენსიასაც არ მოგვცემენ“, - განაცხადა სოფელ ველისციხის მკვიდრმა მალხაზ სესიაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს მმართველი გუნდის მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებულ პროვოკაციად აფასებენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რამაზ ქერეჭაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ ამ უბანზე, სწორედ ამიტომ აშინებენ ადგილობრივებს და დაწერილ ტექსტებს ათქმევინებენ. ეს არის წინაასარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა. „ოცნების“ კრიმინალური ბანდა ცდილობს არჩევნები ამ გზით მოიგოს. არ გვაძლევენ მოსახლეობასთან საუბრის საშუალებას. ინციდენტის დროს ჩემი ტელეფონი წამართვეს. ახლა პოლიციას ვაძლევ ჩვენებას“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რამაზ ქერეჭაშვილმა.