მთავრობის წევრები რუსთავში მოქმედი წარმოება-დაწესებულებების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდნენ

მთავრობის წევრები რუსთავში მოქმედი წარმოება-დაწესებულებების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რუსთავში მოქმედი წარმოება-დაწესებულებების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე და მიღწევებზე ისაუბრა, ეკონომიკის მინისტრი ქალაქში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით დაინტერესდა, ირაკლი ქარსელაძემ კი დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

,,ჩვენ ახლახან დავბრუნდით ბრიუსელიდან, სადაც ევროკავშირთან უმაღლესი დონის შეხვედრაზე ვისაუბრეთ სექტორალური კუთხით თანამშრომლობაზე, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ, იმ 231 მილიონიანი ფინანსური დახმარებიდან, გახლავთ რეგიონების დახმარება. ბუნებრივია საზოგადოებას აინტერესებს, თუ რა მიმართულებით იქნებიან რეგიონები ჩართული ამ პროცესში, როგორი იქნება ევროკავშირის მხრიდან რეგიონებისთვის პროფესიული თავსებადობის კუთხით დახმარება. სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი შეხვედრაზე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის პრიორიტეტებზე, სავიზო ლიბერალიზაციის თემებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ანუ ყველა იმ სიკეთეზე, რა სიკეთეც მოაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები, არანაირად არ უკავშირდება არჩევნების მეორე ტურს და მიზნად ისახავს ადგილებზე არსებული პრობლემების გაცნობას. „რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ეკონომიკაზე და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს რეგიონი ტრადიციულად ინდუსტრიული რეგიონი იყო საქართველოში. ვიცით, რომ აქ დიდი მეტალურგიული ქარხანაა, ამიტომ მე მაინტერესებდა ხალხის აზრი, რა პრობლემებია დღეს, რით შეიძლება, რომ მთავრობა დაეხმაროს მათ“, -განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრა წარმოება-დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან, რუსთავის თეატრის დარბაზში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.