მაღალმთიანი აჭარის 11 ათას აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა. ამასთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა.
პრემიერმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფელ ხიჭაურში სიმბოლურად ბუნებრივი აირი აანთეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პირველ ეტაპზე 11 ათას აბონენტის გაზმომარაგება მოხდება.
მამუკა ბახტაძის თქმით, პროექტის ღირებულევა 25 მილიონ ლარზე მეტია, რომლის სამუშაოები შპს "ენერჯი ინვესტი 2009"-მ განახორციელა.
გაზსადენი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურიდან შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში დასახლებამდე მოეწყო. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების მეორე ეტაპი დაწყებულია, რომელიც სოფელ ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე მოეწყობა.
"მოვრჩით ამ ისტორიული პროექტის პირველ ფაზას. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისტორიული პროექტი დასრულდა წარმატებით. 11 ათას ოჯახს ზემო აჭარაში შესაძლებლობა ექნება ჰქონდეს ბუნებრივი აირი და ამავე დროს ვაანონსებთ, რომ დავიწყებთ, გაზიფიცირების მეორე ფაზას, რაც გულისხმობს გოდერძის უღელტეხილამდე გაზიფიცირებას, რითაც დამატებით 15 ათასი ოჯახი შეძლებს, რომ 2020 წლისთვის მიიღოს ბუნებრივი აირი", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























