შენობის ავარიულობის გამო, ფოთის თეატრი პრემიერას კოლხური კულტურის მუზეუმში გამართავს

შენობის ავარიულობის გამო, ფოთის თეატრი პრემიერას კოლხური კულტურის მუზეუმში გამართავს

შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, ხვალ ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეატრი საპრემიერო ჩვენებას კოლხური კულტურის მუზეუმში გამართავს. თოჯინური სპექტაკლი ,,ფიროსმანი“ მოზარდი და უფროსი თაობის მაყურებლისთვისაა გათვლილი. ის ერთმოქმედებიანია და მასში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფოთის თეატრის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი ჯგუფის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ.

სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, თოჯინების მხატვარი - ვახო ქორიძე, სცენოგრაფია კი გურამ მაცხონაშვილს ეკუთვნის. ,,ერთმოქმედებიანი თოჯინური სპექტაკლი ,,ფიროსმანი“ გააცოცხლებს დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების ისტორიას, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა. სპექტაკლი ეძღვნება ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს. მიუხედავად იმისა, რომ ფოთის თეატრი სამწუხაროდ, საკუთარ შენობაში ვერ ახერხებს პრემიერის გამართვას, არ წყვეტს შემოქმედებით მუშაობას. სპექტაკლიც ამ ნიშნით შეირჩა. ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე შეიძლება მისი თამაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პიესის ავტორმა ელენე მაცხონაშვილმა.

პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.