გიორგი გახარია შიდა ქართლში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლში იმყოფება. გახარია მოადგილესთან კახა საბანაძესთან, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორთან, მხარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად შინდისის გმირების მემორიალთან მივიდა, სადაც ვეტერანებს, პოლიციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გახარიას განცხადებით, შიდა ქართლში დღევანდელი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ პოლიციელებთან და ყველა იმ ადამიანთან შეხვედრაა, ვინც 2008 წლის ომის დროს ქვეყნის ერთიანობისთვის სიცოცხლეს სწირავდა და ამჟამად კი ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, თითქოს ეს ადამიანები შესაძლოა, რაიმე რისკის წინაშე დადგნენ.
„ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა და შეხვედრა იმ პოლიციელებთან, სამხედროებთან თუ სხვა ადამიანებთან, რომლებიც 2008 წლის ომის დროს, აქ საოკუპაციო ხაზთან თუ ცხინვალში სიცოცხლეს სწირავდნენ. ვრცელდება აბსოლუტურად არარეალური ინფორმაციები, თითქოს შეიძლება ეს ადამიანები რაიმე რისკების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის სიცრუე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად სახელმწიფო ამ ადამიანების გვერდით დგას და დაიცავს თითოეული მათგანის უფლებას“, - განაცხადა შინდისში ყოფნისას გიორგი გახარიამ.
შინდისის გმირების მემორიალთან ვეტერანთა დეპარტამენის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა გიორგი ყარყარაშვილიც.
დღესვე შს მინისტრი სოფელ ზემო ნიქოზში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე ბოლო ქართულ საგუშაგოს მოინახულებს და ამ საგუშაგოზე დისლოცირებულ პოლიციელებს შეხვდა.

























