კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა შეფერხებულია

დუშეთის მუნიციპალიტეტში, კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა შეფერხებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაჩერებული ავტომანქანების მგზავრები მოინახულა და მათ საკვები პროდუქტები ჩაუტანა.
გუბერნატორის ადმინისტრაციისა და დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით, ჟინვალისა და მლეთის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ავტოკოლონაა გაჩერებული, ნაგვის ურნები და ბიო-ტუალეტები დამონტაჟდა. დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯვრის უღელტეხილზე გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.

























