მონიტორინგის მიხედვით, რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების ნორმის გადაჭარბება არ ფიქსირდება

მონიტორინგის მიხედვით, რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების ნორმის გადაჭარბება არ ფიქსირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ავტომატური მობილური სადგურის საშუალებით განახორციელეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების ნორმის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

მობილური სადგურის საშუალებით, შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებს და საქართველოს რეგიონებში. ავტომატური სადგური ამჯერად რუსთავში განთავსდა, სადაც 24 საათის განმავლობაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა.

მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრა (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

უწყების ცნობით, ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.