გიორგი გახარია - სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი - სულ რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზი მდებარეობს

სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი - სულ რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზი მდებარეობს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში სტუმრობისას ადგილობრივ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამის გამო რეგიონში უფრო ხშირად უწევს ყოფნა.
„სამწუხაროდ, სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს. უფრო მეტსაც გეტვით, სამეგრელოში მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი და პირველ რიგში, მის მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზი განაპირობებს, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ამ არჩევნების უსაფრთხოებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ის, რომ ეს არჩევნები მშვიდ, ღია და დემოკრატიულ ვითრებაში უნდა ჩატარდეს, ესეც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და სხვა რეგიონებთან შედარებით შეიძლება ოდნავ უფრო ხშირად მიწევს აქ ყოფნა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, რეგიონში მისი ყოფნა გათვლილია იმ ყურადღების კომპენსირებისთვის, რაც რეგიონს აქამდე დააკლდა. „მოვახდინეთ იმ ყურადღების კომპენსირება, რაც ამ რეგიონს დააკლდა, არა წინასაარჩევნოდ. გპირდებით, არჩევნებს რომ დავასრულებთ, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები ხოლმე აქ. ახლა რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს, დღეს სრულიად შემთხვევით მოვხვდი იმ შეხვედრაზე, რომელსაც თქვენ გულისხმობთ - მონადირეებთან შეხვედრაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ტურბულენტურ ისტერიულ გარემოში ვნახე მშვიდი, წყნარი ადამიანები, რომლებსაც თავისი პროფესიული საქმიანობის გარდა მშვენიერი ჰობი გააჩნიათ. ისინი საკმაოდ კარგად არიან ორგანიზებულები, აღწევენ თავიანთ მიზნებს. ეს ყველაფერი იყო ძალიან მომხიბვლელი, სასიამოვნო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
იხილეთ ვიდეო: "სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი - სულ რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზი მდებარეობს" - გიორგი გახარია

























