აჭარის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვის პროცედურები გრძელდება

აჭარის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვის პროცედურები გრძელდება

აჭარის უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ კანონის პროექტი და მისი თანმდევი დოკუმენტი ამჯერად ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა.

მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში დაახლოებით 12 მილიონი ლარით, ძირითადად საშემოსავლო გადასახადის მატების ხარჯზე იზრდება, რაც სამუშაო ადგილებისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით იქნება განპირობებული. პროექტის თანახმად, იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ მომავალი წლისთვის ბიუჯეტით დაგეგმილ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2019 წელს ამ მიმართულებით დაგეგმილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება მილიონ სამასი ათასი ლარით იზრდება, რაც, საერთო ჯამში, 32 პროგრამისა და მათში შემავალი ქვეპროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. ამასთან, გაზრდილი ბიუჯეტი სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტისა და ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს.

მომხსენებლებმა კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხეს. კომიტეტის წევრებმა ცალკეულ საკითხებზე განმარტებები მინისტრების მოადგილეებისგან: არჩილ ვანაძისა და ზურაბ თენიეშვილისგან მოისმინეს და საბოლოოდ, საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ამასთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ კომიტეტის წევრებს

აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა წარმოადგინა, რომელიც ასევე ცნობად მიიღეს.