„ნაცმოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რაიონულ პროკურატურაში დაიბარეს

„ნაცმოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რაიონულ პროკურატურაში დაიბარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე რაიონულ პროკურატურაში პარტიის მიერ მოქალაქეებზე გაცემული საგარანტიო ფურცლების გამო დაიბარეს.

როგორც ანა წითლიძემ ჟურნალისტებს გამოკითხვამდე განუცხადა, უწყება იმ მოქალაქეებს იბარებს, რომლებზეც ოპოზიციურმა პარტიამ საგარანტიო ფურცლები გასცა. რაც შეეხება ფურცლებს, წითლიძის განმარტებით, ეს მხოლოდ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაა და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში მათთვის სოციალური პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.

„ჩვენ გავეცით საგარანტიო ფურცლები იმ ადამიანებზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მთავრობაში ჩვენი მოსვლის შემდეგ მათ საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, მოვუგვარებდით სოციალურ პრობლემებს. ამ ადამიანებს, ვისზეც გავეცით ეს ფურცლები, იბარებენ პროკურატურაში. მას შემდეგ, რაც პირველ ტურში „ქართულ ოცნებას“ არ უშველა სოფლის რწმუნებულების, საჯარო მოხელეების და სრული ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებამ, ახლა გადაწყვიტეს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართონ პროკურორები“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

რაც შეეხება მოქალაქე ინეზა ფარულავას, რომელიც წითლიძესთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ მას პროკურორი ბადრი ჭაკადუა დაუკავშირდა. ფარულავას მტკიცებით, პროკურორმა მას უთხრა, რომ ენმ-ს მიერ დარიგებული საგარანტიო ფურცლები ამომრჩევლის მოსყიდვა იყო და ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პროკურატურაში ინეზა ფარულავას მსგავსად კიდევ 25-მდე ადამიანია დაბარებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, მოქალაქეების გამოკითხვა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება.