ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დასუფთავების ორი და ქუჩების საწმენდი ერთი მანქანა შეიძინა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დასუფთავების ორი და ქუჩების საწმენდი ერთი მანქანა შეიძინა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დასუფთავების ორი და ქუჩების საწმენდი ერთი ერთეული მანქანა შეიძინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი ტექნიკა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ბორჯომის მერიის ცნობით, დასუფთავების ერთი მანქანა ბორჯომს და მის სოფლებს, ხოლო მეორე დაბა ბაკურიანს მოემსახურება.

ლევან ლიპარტიას თქმით, ახალი მანქანები ვიწრო ქუჩებისთვისაა განკუთვნილი და ამიერიდან კვირაში ერთის ნაცვლად, 3-ჯერ მოემსახურება ადგილობრივებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

ქუჩების მტვრისაგან გაწმენდასა და მორეცხვას კი ახალი სპეც-მანქანა უზრუნველყოფს, რომელიც ასევე ადგილზე მოახდენს სანაგვე ბუნკერების რეცხვა-დეზინფექციას.

ახალი ტექნიკისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 583 000 ლარი დაიხარჯა.

დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა ახლადშემოყვანილი ავტობუსიც დაათვალიერეს და მგზავრებსაც გაესაუბრნენ. უახლოეს დღეებში მუნიციპალურ ავტოპარკს კიდევ 3 ავტობუსი დაემატება. ჯამში წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 5 ერთეული სრულიად ახალი ავტობუსი იქნა შეძენილი.