აბაშაში პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება

აბაშაში   პარკის  კეთილმოწყობის  სამუშაოები   გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, საბაღო ცენტრ „ევროეზოს“ დირექტორთან, ლევან ჭანუყვაძესთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და პარკის გამწვანების საკითხები განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 740 367 ლარია.

„პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება სავალ ბილიკებსა და ტროტუარებს, ეწყობა გრანიტის ქვაფენილი, ამფითეატრი, სატრენაჟორო მოედანი, ჭადრაკის მაგიდა. შადრევნის გარშემო (რომელიც „ა“-ს ფორმისაა), მოედანზე, აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების სახელების წარწერები იქნება. არსებული საბავშვო მოედნის ნაცვლად მოეწყო ახალი მოედანი, შეივსო მცირე ზომის სათამაშო ნაგებობებით. პარკის ტერიტორიაზე განთავსდება ახალი ურბანული ავეჯი (სკამები, ურნები, საყვავილეები, დასალევი წყლის სოკოები), დასრულებულ პარკში სხვადასხვა ადგილას და პიედესტალებზე განთავსდება აბაშის ყველა დროის ცნობილი და ღირსეული ადამიანების სკულპტურული პორტრეტები. შესრულდება სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში (SPA180003205) გამარჯვებული შპს „ჯეო პარკი“, პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საშუალება ექნება მოისვენონ მყუდრო, წყნარ და ესთეტიკურად მისაღებ გარემოში“,-ნათქვამია აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.