აჭარა ტურისტულ გამოფენაზე WTM London 2018 წარდგა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე WTM London 2018 გაუწია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის, აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი.
ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იღებდა, რაც ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებას.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვდნენ მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების BBC, Euronews, ITV წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს, ასევე წამყვანი ბრიტანული და საერთაშორისო ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებს.
„მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურისტულ გამოფენებზე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის წარმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ თავს იყრის მსოფლიოში უმსხვილესი მოთამაშეები ტურისტული ბიზნესიდან. ჩვენ სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით საქმიანი შეხვედრები გვქონდა ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, როგორებიცაა Thomas Cook, British Airways, Wizzair, BBC, Euronews, ITV, Tripadvisor და Expedia. ბრიტანეთი ჩვენთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარე წელს დავიწყეთ, ამიტომ ორმაგად ნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს პოტენციურ ტურისტებთან. ბოლო ორი წელია, რეგიონის რეკლამირების მიზნით აქტიურად ვიყენებთ BBC-ს ეთერს, სადაც აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები გადაიცემოდა. შემდეგი წლისთვის უკვე ვგეგმავთ სხვა მედიაპლატფორმების გამოყენებასაც, რათა ხელი შევუწყოთ ბრიტანულ ბაზარზე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.
2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს რეკლამირება 22-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია.

























