ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა

ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა

ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ღურწკაია აღნიშნავს, მისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ „ევროპული საქართველო“ კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს და მასთან ერთად მუშაობს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ლელა ქებურია აცხადებს, ხელისუფლება მათი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლას ახორციელებს. მისი თქმით, რამდენიმე დღეა, რაც „ქართული ოცნება“ მათი მხარდამჭერების გადაბირებას ცდილობს. მისივე ინფორმაციით, ირაკლი ღურწკაიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების მიზეზიც მასზე განხორციელებული ზეწოლაა.

„უკვე რამდენიმე დღეა ხელისუფლების მხრიდან არის არნახული ზეწოლა „ევროპული საქართველოს“ წევრებსა და მათ მხარდამჭერებზე. ისინი უკავშირდებიან სოფლებში ჩვენს კოორდინატორებს და მიმდინარეობს მათი დაშინება, მოსყიდვა, ფაქტობრივად, ყველა ბერკეტს იყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი მომხრეები გადაიბირონ. როგორც ჩანს, მათ გააზრებული აქვთ ის, რომ „ევროპული საქართველოს“ ხმები არის გადამწყვეტი მეორე ტურისთვის და ამიტომ ისინი გააფრთრებული იბრძვიან იმისთვის, რომ ჩვენი მომხრეების გადაბირება მოხდეს.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს საკრებულოს წევრზე ირაკლი ღურწკაიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ზეწოლა. „ძველი ბიჭების“ მეშვეობით გადიან მასთან კონტაქტზე და ჰპირდებიან რაღაც პრობლემების მოგვარებას. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ ვცდილობ მასთან დაკავშირებას, თუმცა ტელეფონი გათიშული აქვს,“ - განაცხადა ლელა ქებურიამ.

თავის მხრივ, ირაკლი ღურწკაია ყოველგვარ ზეწოლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია იმ პარტიაში დარჩენა, რომელიც მისი თქმით „მეგის ქარდავას, კოდუას და ახალაიების კლანის რეინკარნაციას უწყობს ხელს.“