აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი წარმოადგინა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, სხდომას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.
მათივე ინფორმაციით, ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა.
“განისაზღვრა წამყვანი კომისია და განხილვის ვადები. კანონის პროექტს საკანონმდებლო ორგანოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარმოადგენს.
კომიტეტებში განსახილველად ასევე შევიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. წამყვან კომიტეტს განსახილველად ვადა - 30, ხოლო სხვა კომიტეტებს - 27 ნოემბრამდე განესაზღვრათ”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ბიურომ ასევე განიხილა სხვადასხვა საკითხი, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა წარმოადგინა.

























