რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ბუნკერების დალუქვის პროცესი დასრულდა

რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების დალუქვის პროცესი დასრულდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ბუნკერები ყველა საცხოვრებელ კორპუსში გაუქმდა და დაილუქა. სამუშაოებს ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდნენ.
,,რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორის, გიორგი გოროზიას განცხადებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები, ჯამში 249 მრავალსართულიან კორპუსში დაილუქა. „მოსახლეობას, წლების განმავლობაში სურდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების გაუქმება. ქალაქის მერის დავალებით, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები შევასრულეთ. დაილუქა 249 მრავალსართულიანი კორპუსის 1 043 სადარბაზოში არსებული ბუნკერი და საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებზე, მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, განთავსდა 420 საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემკრები ურნა“, - განაცხადა გიორგი გოროზიამ.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების გაუქმება-დალუქვის პროცესში ჩართული იყო რუსთავის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი“. ცენტრის სპეციალისტები ბუნკერების დალუქვის სამუშაოების დაწყებამდე, ახორციელებდნენ სადერატიზაციო ღონისძიებებს, რაც მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავებას ითვალისწინებს.

























